ტელეფონი: +995 322 55 08 18

როგორ გავხსნათ საკონდიტრო მაღაზია

calendar   12-14-2020
როგორ გავხსნათ საკონდიტრო მაღაზია

ჩვენს აქტიურ და სწრაფად განვითარებად სამყაროში ყველა ბიზნესმენს სურს იპოვოს წარმატებული ბიზნესის უნიკალური რეცეპტი. ადამიანებს უჩნდებათ იდეები, ქმნიან ახალ სტარტაპებს გამომუშავებენ ფულს. წარმატების მისაღწევად, არ არის აუცილებელი რთული სქემების მოფიქრება, საკმარისია იყოთ ორიენტირებული ხარისხზე და ჩადოთ მთელი სული საქმეში. ამ სტატიაში ჩვენ გავეცნობით, თუ როგორ უნდა გახსნათ ტკბილეულის მაღაზია.

საკონდიტრო მაღაზია შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის:

საკონდიტრო ნაწარმის მაღაზია, რომელიც ყიდის მზა პროდუქციას;

მაღაზია-კაფე, მაგიდებითა და სკამებით, ყავა, ჩაი, წვენები, კოქტეილები და მზა პროდუქციის რეალიზაცია;

საკუთარი წარმოების პროდუქცია და საკონდიტრო მაღაზია-კაფე, ეს არის ყველაზე რთული, მაგრამ ასევე ყველაზე მომგებიანი მიმართულება.

საწარმოს გახსნისთვის უნდა დაარეგისტრიროთ საქმიანობა. აუცილებელია სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმების ყველა მოთხოვნის შესრულება. ბუღალტერთან წინასწარ განიხილეთ გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები.

ფართის შერჩევა და დაქირავება

ფართის მეპატრონეები, რამდენიმე თვის გადასახადს წინასწარ ითხოვენ. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ბიზნეს გეგმაში. აუცილებელია გაითვალისწინოთ პროდუქციის საწყისი ასორტიმენტი. ფართობი გამოითვლება სამომავლო პროდუქციის ასორტიმენტის საფუძველზე. თუ გსურთ მაღაზიაში მაგიდების განთავსება და საკონდიტრო-კაფე ფორმატის გამოყენება, თქვენ  დაგჭირდებათ ფართობი 80 - 100 მ 2-მდე. თუ თქვენ აპირებთ მინი საკონდიტროს გახსნას, მაშინ  საჭიროა 40 - 60მ 2-მდე ფართი.

 

საკონდიტრო მაღაზია უნდა დაიყოს სექტორებად. სალაროს ზონა, ვიტრინები, დახლები და ის ადგილები, სადაც მზა პროდუქტი შეინახება. ასევე, მნიშვნელოვანია თქვენი მაღაზიის ადგილმდებარეობა. აქ საჭიროა გაითვალისწინოთ მოწოდებული საქონლის სპეციფიკა. თუ გსურთ ძვირადღირებული მაღალი ხარისხის პროდუქციის გაყიდვა, მაშინ ადგილი უნდა იყოს შესაბამისი. ამისათვის შეარჩიეთ ფართი ძვირადღირებულ სავაჭრო ცენტრებსა ან ქალაქის ცენტრალური ნაწილში.

 

აღჭურვილობის შეძენა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია კარგი საკონდიტრო ბიზნესის წამოწყებაში. ხარისხიანი აღჭურვილობა ზრდის მუშაობის სიჩქარეს, ხდის პროდუქტებს უფრო გაყიდვადს და მიმზიდველს. ეს თქვენი ხარჯების დიდი ნაწილია, რაც უნდა გაითვალისწინოთ  ბიზნეს გეგმის შედგენისას. შეგიძლიათ გააანალიზოთ ბაზარი, გაარკვიოთ, თუ როგორ მუშაობენ წარმატებული კონკურენტები. ამის საფუძველზე შეგიძლიათ შეადგინოთ კარგი ბიზნეს გეგმა. ასევე, ნუ დაივიწყებთ დამატებით მაგიდებს, სკამებსა და ჭურჭელს, თუ აპირებთ კაფეს გაკეთებას მაღაზიაში.

საკონდიტრო მაღაზიაში საჭიროა სამუშაო აღჭურვილობის მინიმალური ნაკრები, კერძოდ:

·         თაროები, საქონლის ძირითადი ნაწილი მათზე იქნება განთავსებული, რომელიც არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. ეს არის ფუნთუშები, კექსები, მრავალნაირი ტკბილეული და ა.შ.;

·         თქვენ დაგჭირდებათ სამაცივრო მოწყობილობა ტორტებისა და საკონდიტრო ნაწარმის შესანახად. ასევე სპეციალური მაცივრები კონტეინერებით ნაყინის შესანახად და მაცივრები სასმელებისთვის;

·         თქვენ უნდა შეიძინოთ ლამაზი ვიტრინა-მაცივრები  გაყიდვების არეალისთვის;

·         ყველაფერი, რაც საჭიროა სალაროს ზონისთვის, კომპიუტერი, სალარო აპარატი და პროგრამული უზრუნველყოფა;

·         პარკები, შესაფუთი მასალა, სასაჩუქრე ყუთები, ხელსახოცები;

·         თქვენი თანამშრომლებისთვის ბრენდული ტანსაცმელი.

მზა პროდუქციის შესყიდვა

ხარისხიანი და გემრიელი პროდუქციის გამო მომხმარებლები დაგიბრუნდებიან და დადგება რიგები, რათა დააგემოვნონ გემრიელი ტკბილეული. გაითვალისწინეთ, ამაში დაიხარჯება ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი, უმჯობესია აქ არ დაზოგოთ. კვების პროდუქტების წყარო საკმაოდ მნიშვნელოვანი რგოლია თქვენს ბიზნესში. კარგი მიმწოდებელი უზრუნველყოფს თქვენს დაწესებულებას ახალი პროდუქტით, საჭირო დროს. საკონდიტრო მაღაზიაში გაყიდული პროდუქციის ასორტიმენტი შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. შეადგინეთ მზა პროდუქციის სავარაუდო სია:

 

·         მრავალფეროვანი ფუნთუშები და ღვეზელები - დაახლოებით 8 სახეობის;

·         სხვადასხვა ნამცხვრები - 10 სახეობის;

·         ორცხობილები - 6-8 სახეობის;

·         ტორტები - 10-12 სახეობის;

·         შოკოლადი და მისგან დამზადებული პროდუქტები - 15 სახეობის; ნაყინი - 5 - 10 სახეობის;

·         სასმელები, კოქტეილები, ჩაი, ყავა;

·         თაფლის პროდუქტები, ჟელეები, მურაბები.

ნუ დაივიწყებთ სხვა პროდუქტებსაც, რომელთა განთავსება შესაძლებელია სალაროს არეალში. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა კანფეტები, საღეჭი რეზინი და სხვა მსგავსი ტკბილეული. თქვენი მაღაზია უფრო უნიკალური რომ გახდეს, შეგიძლიათ შეუკვეთოთ პროდუქტები სხვადასხვა თემაზე. მაგალითად, გააკეთეთ საჩუქრების ან საქორწილო კომპლექტები. ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ სხვადასხვა ფორმის შოკოლადები და ორცხობილები, გულის, ცხოველების, საახალწლო თემის, წარწერებით და სახელობითი. ეს გაზრდის თქვენი ასორტიმენტის მრავალფეროვნებას, გახდის მას უფრო მიმზიდველს და საინტერესოს. დასაწყისში შეგიძლიათ დაიწყოთ მცირე ასორტიმენტით, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია მისი შევსება და განახლება.

პროდუქციის, პერსონალისა და ფართის გარდა, უნდა იფიქროთ თქვენი მაღაზიის ან პროდუქციის პოპულარიზაციაზე.  რეკლამის ბიუჯეტი უნდა იყოს გათვლილი ბიზნეს გეგმაში. გათვალეთ ხარჯები მარკეტინგულ კამპანიაზე.  გამოიყენეთ რეკლამის სხვადასხვა პოპულარული მეთოდი.

ახლა კი მთავარია მოგება. თქვენი ბიზნეს გეგმა გაწერილია და მზად ხართ ნულიდან გახსნათ საკონდიტრო მაღაზია? ამ შემთხვევაში, თუ ყველაფერს კომპეტენტურად და ხარისხიანად აკეთებ, შეგიძლია კარგი შედეგების მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშა საკმაოდ კონკურენტუნარიანად ითვლება, კარგი რენტაბელობის მიღწევა მაინც შესაძლებელია. მოცემული პროდუქტისთვის არ არის განსაზღვრული დრო, როდესაც ის კარგად ან ცუდად იყიდება. ყოველთვის თვალი ადევნეთ ასორტიმენტს და მოიცილეთ ცუდად გაყიდვადი პროდუქტები და გამოსცადეთ ახალი ტიპის პროდუქტი.

დამატებითი მოგებისთვის, გახსენით ონლაინ მაღაზია, რაც განსაკუთრებით საინტერესო და მომგებიანია, როდესაც თქვენ აწარმოებთ პროდუქციას.

 


და ბოლოს, რა თქმა უნდა, ერთი სტატიის წაკითხვის შემდეგ,  ვერ შექმნით მომგებიან ბიზნესს. მაგრამ თუ ცოტა შრომას და ფულს ჩადებთ, მაშინ  წარმატებას ნამდვილად მიაღწევთ. ნებისმიერი ბიზნესი მომგებიანია, თუ სწორად წარმართავთ.

წარმატებები!